ხატია დეკანოიძე თინა ბოკუჩავას მიმართ ძალის გამოყენების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი საქციელი ქართული ოცნების დეპუტატებს "ჩვეულებრივი ქცევა ჰგონიათ".
ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არც იმას ერიდებიან, რომ "არასასურველი ფიზიკური სიახლოვე შევიწროვების ფორმად გამოიყენონ".
„პარლამენტის წევრ ქალებზე ძალადობა, რაც იკადრეს დღეს ოცნების წევრებმა, დასაგმობია საზოგადოების ყველა წევრის მიერ. თინას, ნონას, ანის ფიზიკურად შეეხნენ და იძალადეს. ეს უნდა იყოს სირცხვილი და ნორმალურ ქვეყანაში, არა თუ ლექციაზე და სხდომაზე, გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ მოძალადეები.
ზოგადად, ქალ დეპუტატებზე შეხება ჩვეულებრივი ქცევა ჰგონიათ ოცნების წევრებს. თუ რამე არ მოსწონთ, პროტესტის დროს მზად არიან არასასურველი ფიზიკური სიახლოვე შევიწროვების ფორმად გამოიყენონ. სიტყვები არ მყოფნის, რასაც განვიცდი", - წერს დეკანოიძე.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.
წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.
ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა შალვა პაპუაშვილმაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მას თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.
„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ", - წერს შალვა პაპუაშვილი.